Sunday, October 13, 2013

მოგესალმებით!


ბოლო ხანებში საქართველოში  იტალიური სამზარეულოს მიმართ ინტერესი იზრდება. ჩვენი თანამემამულეები უფრო და უფრო ხშირად მოგზაურობენ იტალიაში და ეცნობიან ავთენტურ კერძებს, რომელთა დაგემოვნების სურვილიც ხშირად უჩნდებათ შინ დაბრუნების შემდეგაც. ამ სურვილის ასრულებისკენ მიმავალი ყველაზე მოკლე გზა იტალიურ რესტორნების სტუმრობაა, რომლებიც მზარდი რაოდენობით იხსნებიან თბილისში თუ მის გარეთ, მაგრამ ქართული შემოქმედებითი ბუნებისთვის ეს არ არის საკმარისი და უამრავი ჩვენთაგანი სიამოვნებით დაეუფლებოდა იტალიური კერძების დამზადების ხელოვნებასაც. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ მათი უდიდესი ნაწილი ძალიან მარტივად მზადდება და დიდ დროსაც არ იკავებს.

ამ ბლოგის მეშვებით გადმოგცემთ მარტივი, მაგრამ ამავდროულად იტალიაში ძალიან პოპულარული და გემრიელი კერძების რეცეპტებს და მათი ავთენტური გემოს მიღების ხერხებს. ამაში დამეხმარებიან იტალიელი მეგობარ-ნათესავები, რომლებიც, სხვა ბევრი იტალიელის მსგავსად, ეროვნული კულინარიისადმი რელიგიური თავდადებით გამოირჩევიან.

იტალიური კერძების უდიდეს დაწილს აერთიანებს სამი ძირითადი ინგრედიენტი, რომელთაც ამ ბლოგზე მითითებულ რეცეპტებშიც ხშირად იხილავთ. ესენია: პასტა (ჩვენში ცნობილი, როგორც "მაკარონი"), ზეითუნის ზეთი და ყველი პარმიჯანო.

დღესდღეისობით ამ ინგრიდიენტების მოძიება მაღაზიებში არც ისე რთულია. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ რამოდენიმე თვის წინ თბილისში გაიხსნა იტალიური  მაღაზია "გასტრონომია იტალიანა", რომელიც იტალიური წარმოების საჭმელ პროდუქტებს გვთავაზობს. აქ შეძლებთ იპოვოთ ნამდვილი იტალიური პასტაც, ყველისა და ძეხვების სხვადასხვა ნაირსახეობები, ზეითუნის ზეთი თუ სხვა მრავალი საინტერესო პროდუქტი.

რასაკვირველია, რეცეპტების შესახებ თქვენს ყველა კითხვასა და კომენტარს  სიამოვნებით გავცემ პასუხს.

მაშ ასე, შევუდგეთ საქმეს...

No comments:

Post a Comment