Sunday, November 24, 2013

იტალიური სამზარეულოს დაგემოვნების ხელოვნება


ყველა კერძს თავისი მირთვემვის წესი აქვს, უფრო მეტიც, ეს წესი ხშირად  ხელოვნების დონეზეც კი ადის.

გავიხსენოთ, მაგალითად, ჩვენებური ხინკალი: განა ის ციებ-ცხელება, რასაც მისი მირთმევისას განვიცდით და ის ტექნიკა, რომელსაც ყოველ ჯერზე უკეთ და უკეთ ვეუფლებით ერთიანობაში ხელოვნება არ არის? გაიხსენეთ, თუ როგორ ნაზად ჩავკიდებთ ხოლმე მას "ჭიპში" ხელს, მოვიმარჯვებთ, ისე რომ არ გაგვისკდეს, ფრთხილად ჩავკბეჩთ და ამოვწრუპავთ მის წვნიან შიგთავსს, მერე დავუვლით და ზედ "ჭიპამდე" ერთი სულის მოთქმით
მოვკბეჩთ და მივაღწევთ სიამოვნების ზენიტს, რომელსაც იმ წუთას სხვა არაფერში გავცვლიდით! თუ გინდა ხინკლით დატკბე და მისი გემო სრულად დააფასო, ეს არის ჩვენში მიღებული მისი სწორი მირთმევის გზა.
რამდენჯერ ჩაგვიცინია, დაგვინახავს რა სუფრაზე, რომ მას ვინმე ჩანგლით (ან კიდევ უფრო უარესი, დანა-ჩანგლით!) მიირთმევს (:)

ან კიდევ, რამდენჯერ აღვშფოთებულვართ, შეგვინიშნია რა, რომ ერთ-ერთი სუფრის წევრი ნელ-ნელა და ჩუმ-ჩუმად წრუპავს თავის ღვინოს და ორიოდ სიტყვასაც კი არ დასძენს მანამდე, არათუ სრულფასოვანი სადღეგრძელოთი დაილოცება,  როგორც ქართულ სუფრას სჩვევია.

ალბათ, თქვენი ნაწილი შემეწინააღმდეგება, რომ ეს ტრადიციები დღესდღეისობით მინელდა და აღარ ვართ ისეთი მომთხოვნები, როგორებიც ადრე ვიყავით. მაგრამ ვფიქრობ, ზემოთმოცემული მაგალითები საკმარისია იმისთვის, რომ შევიგრძნოთ ის აღშფოთება, რასაც იტალიელები ერთსულოვნად განიცდიან, როდესაც მათი ტრადიციული კერძებისა და სასმელების არა მათისეული წესით მირთმევის მოწმენი ხდებიან.

ასე მაგალითად:

1.  გრძელი ფორმის პასტას, მაგალითად სპაგეტის ან ლინგუინეს მირთმევა ხდება მხოლოდ ჩანგლით. იტალიაში დაუშვებელია ჩანგალთან ერთად კოვზის მოშველიება (ეს წესი ამერიკიდან დამკვიდრდა) და ასევე, ყოვლად დაუშვებელია დანის ხმარება

2. იტალიურ სამზარეულოში პასტა არ არის თანმხლები კერძი (გარნირი), იგი თავისთავად არის სრულყოფილი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეკაზმულია მხოლოდ მარტივი სოუსით (მაგალითად, ზეითუნის ზეთითა და ნივრით)

3.  პასტა იხარშება კოლოფზე მითითებული დროის დაცვით (ხშირ შემთხვევაში 7-8 ან 10-12 წუთი ფორმის მიხედვით) ან ერთი ან ორი წუთით ნაკლებ დროში ე.წ. al dente კონდიციის მოყვარულთათვის.  დაუშვებელია პასტის გადამეტებული ხარშვა მისი სრული დარბილების მიზნით. ამ შემთხვევაში იგი კარგავს არა მხოლოდ თავის გამოს მახასიათებლებს, არამედ ჯანმთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებებსაც.

4. იტალიელები კაპუჩინოს ან ნებისმიერ ყავას, რომელიც რძის დიდ რაოდენობას შეიცავს, მხოლოდ საუზმის დროს მიირთმევენ. მისი დალევა სადილის ან ვახშმის შემდეგ იმდენად უჩვეულო და მიუღებელია, რომ ზოგიერთ იტალიურ კაფე-რესტორნებში მომსახურე პერსონალმა თქვენი შეკვეთა უყურადღებოდაც კი შეიძლება დატოვოს (!).

5. ძლიერი ალკოჰოლური სასმელი, გრაპა (ჩვენებური ჭაჭა) ან ასევე მეტად პოპულარული ლიმონჩელო (ტკბილი ლიმონის გემოთი (ჩემი აბსოლუტური ფავორიტი ;)), ისმევა სადილის ან ვახშმის დასრულების შემდეგ ყველაზე ბოლო ეტაპზე, როდესაც ყავა და დესერტიც უკვე მოთავებულია. ეს სასმელები ტრადიციული მირთმევის წესის მიხედვით არ ისმება საჭმელთან ერთად.


გაგრძელება იქნება :)