Thursday, October 24, 2013

კარბონარა (Carbonara)

კარბონარა უმი კვერცხის სოუსით და ბეკონით დამზადებული კერძია, რომელიც პასტისა და სოუსის სწორი შერევის შემთხვევაში, არც ზედმეტად თხევადი და არც მშრალი კონსისტენციის, გემრიელი და ჯანსაღი გამოდის.

დამზადების დრო - 15 წუთი.


ინგრედიენტები (სამ პორციაზე):

450 გრამი პასტა - სპაგეტი ან ლინგუინე

6 ლიტრი წყალი

2 სუფრის კოვზი მარილი

200 გრამი ლორი (ე.წ. ბეკონი)

4 კვერცხი (ყოველთვის გაითვალისწინეთ პორციების რაოდენობაზე ერთით მეტი)

1/2 ჭიქა წვრილად გახეხილი ყველი - პეკორინო ან პარმიჯანო

შავი პილპილი - გემოვნებით

წითელი წიწაკა - გემოვნებით, ცხარეს მოყვარულთათვის


როგორ ვამზადებთ:

ფართო ქვაბში ჩავასხათ 6 ლიტრი წყალი და მივიყვანოთ ადუღებამდე.
მდუღარე წყალში ჩავამატოთ 2 სუფრის კოვზი მარილი და ჩავყაროთ 450 გრ. პასტა. ერთი-ორჯერ ამოვურიოთ, რათა პასტა ერთმანეთს არ მიეკროს.
დავტოვოთ მდუღარე მდგომარეობაში 10-12 წუთით (პასტის ხარშვის ზუსტი დრო ყოველთვის მითითებულია მის კოლოფზე)

ამასობაში, დავჭრათ ბეკონი დაახლოებით 1 სმ-იანი დიამეტრის ნაჭრებად და დავიწყოთ მათი ტაფაზე შეწვა, სანამ ყავისფერი მიეცემა. თუ ტაფის ზედაპირი წვაგამძლეა, მაგალითად, თუ ხმარობთ ტეფლონის ზედაპირიან ტაფას, შეგიძლიათ ცხიმი ამ დროს არ იხმაროთ, ვინაიდან ბეკონი დადნება და მისი ცხიმი საკმარისი იქნება მთლიანი კერძისთვის. სხვა შემთხვევაში, ბეკონს შეგიძლიათ დაამატოთ ოდნავ ზეითუნის ზეთი.

პარალელურად, ავთქვიფოთ 4 კვერცხი და დავუმატოთ 1 ჭიქა გახეხილი ყველი, შავი პილპილი და ცხარეს მოყვარულთათვის, ოდნავ წითელი წიწაკა.

როდესაც პასტა მოიხარშება, მას გადავწურავთ, დავაბრუნებთ ქვაბში, მალევე დავუმატებთ შემწვარ ბეკონს და კვერცხის სოუსს. ამოვურევთ რამოდენიმეჯერ, 10-ოდე წამის განმავლობაში, ისე, რომ კვერცხმა მოხარშვა ვერ მოასწროს და გადმოვიტანთ თეფშებზე.

მნიშვნელოვანია, რომ პასტა, რომელშიც კვერცხის სოუსი ერევა იყოს ჯერ კიდევ ძალიან ცხელი, რათა ააორთქლოს ის ზედმეტი სისველე, რასაც მას უმი კვერცხი მისცემს. თუმცა კარბონარა არ უნდა იყოს გამომშრალი, კვერცხის სოუსი კრემისებური კონსისტენციისა უნდა დარჩეს.

კარბონარას თეფშებზე განაწილების შემდეგ, დამატებით მოვაყაროთ მას წვრილად გახეხილი ყველი გემოვნებით და მივირთვათ.

***

ზოგიერთი იტალიელი კარბონარას მხოლოდ კვერცხის გულით ამზადებს და პილპილს და ყველსაც მხოლოდ ბოლოს უმატებენ. ჩემი გამოცდილებით, ზემოთმოცემული რეცეპტი უფრო გემრიელი გამოდის, რადგან ყველა ინგრედიენტის გემო ერთმანეთს უკეთ ერწყმის.

სცადეთ თავად!
















1 comment:

  1. Tien Titanium Magnetic: 5 Steps to Setting the Tien
    Tien titanium bicycle is a titanium vs ceramic flat iron unique titanium flask magnet. titanium legs The Tien-Tit-Tit-Tit-Tit-Tit-Tit-Tit-Tit-Tit-Tit-Tit-Tit-Tit-Tit-Tit-Tit-Tit-Tit-Tit-Tit-Tit-Tit-Tit-Tit-Tit-Tit-Tit-Tit-Tit-Tit-Tit-Tit-Tit-Tit-Tit-Tit-Tit-Tit-Tit-Tit-Tit. titanium dental implants and periodontics

    ReplyDelete